აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა
გიმნაზია თავის მოვალეობად მიიჩნევს დაეხმაროს აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს.
აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა ყოველდღიური მეცადინეობების ცხრილშია ჩართული და კონკრეტული საჭიროებებისამებრ ხორციელდება. საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში ყველა მასწავლებელი აწესებს ყოველკვირეული დამატებითი მეცადინეობის საათებს მოსწავლეთათვის, ვისაც აკადემიური პროგრამის დასაძლევად განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება. აკადემიურ პრობაციაზე მყოფ მოსწავლეებს მეცადინეოების სავალდებულო გრაფიკი უწესდებათ. თუ დამატებითი მეცადინეობების მიუხედავად, მოსწავლე ვერ მოახერხებს ნიშნების გამოსწორებას, მას შესაძლოა გიმნაზიის დატოვება მოეთხოვოს.
ხშირად მშობლები სკოლასთან შეუთანხმებლად იღებენ გადაწყვეტილებას, კერძო მასწავლებლების დახმარებით მოამზადონ მოსწავლე რამდენიმე ან ყველა საგანში. ამგვარი მეცადინეობები, როგორც წესი, ზედმეტია, მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და წინააღმდეგობაში მოდის სკოლის პრინციპებსა და მეთოდებთან. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის მასწავლებლებს არ აქვთ უფლება კერძოდ ამეცადინონ თავიანთი მოსწავლეები, აუცილებლობის შემთხვევაში ისინი მზად არიან კონსულტაცია გაუწიონ მშობლებს და ურჩიონ, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ამგვარი მეცადინეობების დროს. დაბეჯითებით ვურჩევთ მშობლებს, არ მიმართონ დახმარებისთვის კერძო მასწავლებელს საგნის მასწავლებლის კონსულტაციის გარეშე.

Made on
Tilda